თბილისის მერია

კალაძე: სამშენებლო ობიექტებზე ე.წ რეიდებს ჩავატარებთ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს და ამისთვის ობიექტებზე ე.წ რეიდების ჩატარებას აპირებს. 

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კალაძის თქმით, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე,"- თქვა კალაძემ. 

კახა კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, რომ ე.წ რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის
მასშტაბით, მეტი სიხშირით განახორციელონ.

კომენტარები