აჭარის ტელევიზია

ნათია კაპანაძე სასამართლოს საჩივრით მიმართავს და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს

Facebook/ Natia Kapanadze

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე დღეს, 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. 

კაპანაძე მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას მოითხოვს. 

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. სწორედ საია დაიცავს სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს. 

პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ის არგუმენტებიც, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება:

  • "მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნომრების დარღვევით. კერძოდ. გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით.
  • გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას. ამის ერთ-ერთი დასტურია 2019 წლის 25 აპრილს მიღებული გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მომზადებული იყო 11 აპრილს და რომელშიც მითითებულია რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი  მრჩეველთა საბჭომ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე.
  • მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს.
  • 2017 და 2018 წლების გარე აუდიტის შედეგების თანახმად, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია". 

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს.

მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა, ანუ სამი ადამიანის მხარდაჭერა.

ახალი დირექტორის არჩევამდე მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს, რამდენიმე დღეში კი კონკურსი გამოცხადდება.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტებით შესულმა წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ დირექტორი საბჭოს პატივს არ სცემს, ტელევიზიის რეიტინგი განახევრებულია და პრიორიტეტები არ სრულდება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აჭარის ტელევიზია აღნიშნავდა, რომ ეს პროცესები მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები