საქართველოს დამოუკიდებლობა

"დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილი გამოცხადდეს" - ნატო ჩხეიძემ კანონპროექტი დაარეგისტრირა

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ის ითხოვს, დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილი გამოცხადდეს. ინიციტიავა ნატო ჩხეიძემ 2 აპრილს გაასაჯაროვა.

"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით); დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო. ხოლო 1991 წლოის 9 აპრილს საქართველომ კვლავ მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში" - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი ფიქრობს, რომ თუ კანონმდებლობით დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღარ აღინიშნება, "ისტორიული სამართლიანობა აღდგება".

ნატო ჩხეიძე პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა, თუმცა, ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია.

საქართველო დამოუკიდებლობას 26 მაისს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა და დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს შეძლო.

კომენტარები