დაპირისპირება პანკისის ხეობაში

პრეზიდენტი: მისასალმებელია, რომ გახარიას ხელმძღვანელობით პანკისში ვითარება დამშვიდდა

პირველ რიგში, პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს, მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს, ჰესის მშენებლობას, აქ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება. მაგრამ, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

კომენტარები