საქართველოს პარლამენტი

შესაძლოა, სასკოლო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს კენჭი ხელმეორედ დღესვე უყარონ

პარლამენტი

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ გამორიცხავს, რომ სასკოლო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე განმეორებითი კენჭისყრა დღესვე გაიმართოს.  

"მინდა მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, ამით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც აქვს გუნდს მიღებული. მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, გახლდათ ტექნიკური პრობლემა" - თქვა მარიამ ჯაშმა და აღნიშნა, რომ კანონი პარლამენტს ორი მოსმენით უკვე მიღებული ჰქონდა "მაღალი მხარდაჭერით".

"ჩვენ დავაყენეთ კანონპროექტი განმეორებით კენჭისყრაზე და არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, რომ ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს" - ამბობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე.

საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ განმეორებითი კენჭისყრა დღესვე ჩატარდეს.

"მესამე მოსმენამდე იყო უკვე კანონპროექტი მისული, არ გამოვრიცხავ, თეორიულად შესაძლებელია, რომ დღესვე დადგეს განმეორებით კენჭისყრაზე, თუ დღეს ვერ მოხდება, ძალიან დიდი ალბათობით, ორი კვირის შემდეგ, როცა პლენარული სხდომების კვირა იქნება, მაშინ მოხდება განმეორებით მესამე მოსმენით კენჭისყრა" - ამბობს კახიანი.

5 აპრილის კენჭისყრაზე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი კვლავ ღილაკების არევა გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რა კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. მან სთხოვა ირაკლი კობახიძეს, საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დაეყენებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, "სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა". პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა რომ ხმაური არ არის არგუმენტი.

კომენტარები