ჩხუბი პარლამენტში

ოთარ კახიძე პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებისთვის ბოდიშს იხდის

პარლამენტი

ოთარ კახიძე პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებისთვის ბოდიშს იხდის. 

მისი თქმით, ის, რაც კომიტეტის სხდომაზე მოხდა, მისი მხრიდან არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას. 

"შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი. ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა, ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს. ინციდენტი მე არ წამომიწყია, მე მხოლოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას", - თქვა ოთარ კახიძემ. 

ოთარ კახიძემ და ირაკლი-დაჩი ბერაიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იჩხუბეს - კახიძემ ბერაიას ფურცლები ესროლა. 

სხდომას კახა კუკავა ესწრება, რომელმაც იკითხა: "წინა ხელისუფლების დროს დაკავებული, ქართული ოცნების მიერ პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეული ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი რამდენად უპასუხებს მოსამართლეობის კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს". 

დაჩი ბერაიამ მისთვის პასუხის გაცემა მოისურვა, ოთარ კახიძემ კი თქვა, რომ დაჩი ბერაიას კუკავასთვის პასუხის გაცემა სურს, თუმცა, რელევანტური პროცედურულ საკითხზე გადასვლა იქნება. 

დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. 

ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა ორივე მათგანმა დატოვა.

კომენტარები