ეკა ბესელიას კანონპროექტი

ეკა ბესელიამ უზენაესის მოსამართლეებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავა

ტაბულა

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. 

ამის შესახებ ბესელიამ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა. 

დეპუტატი ყველა მსურველს ინიციატივისთვის ხელის მოწერას და, შესაბამისად, კანონპროექტის თანაინიციატორად გახდომას სთავაზობს. 

"ეს კანონპროექტი ეხება იმ სტანდარტს, როგორ უნდა იყოს არჩეული პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, როგორი უნდა იყოს პროცესი და როგორი უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომლითაც ექნებათ განცდა ადამიანებს, რომ ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომლითაც მართლმსაჯულებისადმი დამოკიდებულება იქნება მაღალი პასუხისმგებლობით განპირობებული და არა ისეთი, როგორი უნდა ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლებს, იმ წევრებს, რომლებიც წერენ ამ კანონპროექტს. მე იმედი მაქვს, რომ იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ და ამ კვირაში ვაინიცირებთ, შეუერთდება ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი იურისტების წარმომადგენლების, მათ შორის, გამოვყოფ ადვოკატთა ასოციაციას, იურიდიული ფირმების გაერთიანებას, ასევე ექსპერტებს და მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს, რომლებსაც ჩვენ შევხვდით. ამ პრინციპებზე ჩვენ შევთანხმდით და ეს პრინციპები არის სწორედ ამ კანონპროექტის სულისკვეთება. ის ეფუძნება საჯაროობას, ღიაობას, პარლამენტის გადამწყვეტ ფუნქციას და მანდატს და მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივას ეყოლება არამხოლოდ ბევრი მხარდამჭერი ხელმომწერის სახით, არამედ მხარდამჭერი მისი განხილვის დროს. ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს,"- ამბობს ბესელია. 

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება იმავე მიზეზით დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები