სებ: არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებაა

კობა გვენეტაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მასა და TBC-ის თანადამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს, აშანტაჟებდა. 

სებ-ის განცხადებით, კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. 

"ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს,"- წერია სებ-ის განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა, თუ რა კომუნიკაცია იყო მასა და სებ-ის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, შორის მანამ, სანამ რეგულატორი ოფიციალურად მოითხოვდა სამეთვალყურეო საბჭოდან მისი და ჯაფარიძის გადაყენებას. 

"ეროვნული ბანკი პრაქტიკულად, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს მისი პრეზიდენტის და მისი თქვენ მიერ ახლადარჩეული მოადგილის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან,"- თქვა ხაზარაძემ. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

კომენტარები