განა

განაში მშობლების მიერ გაყიდული 20 000 ბავშვი მეთევზეებს ჰყავთ დამონებული

განას ცენტრალურ ნაწილში, ვოლტას ტბაზე, 20 000 ბავშვი მუშაობს მეთევზეებისთვის, რომლებსაც ისინი "ბატონს" ეძახიან. ბავშვები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ - თითოეული მათგანი მეთევზემ მათი მშობლებისგან იყიდა. 

ბავშვების უმეტესობა ტბაზე ასეულობით კილომეტრით მოშორებული რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ისინი უკიდურესად ღარიბმა მშობლებმა ადამიანით მოვაჭრეებს ტბაზე სამუშაოდ მიჰყიდეს, ხშირად $250 დოლარად, რაც იმ რეგიონში ერთი ძროხის ფასია. 

"როდესაც ის ამბობს, რომ უნდა ჩაყვინთო, შენ არჩევანი არ გაქვს. საშიში ნაწილი ისაა, რომ შეიძლება ვეღარ ამოყვინთო. ამის ყველაზე მეტად მეშინია, რომ ერთ დღეს ჩავყვინთავ, ბადეში გავებმები და ვეღარ ამოვალ. ამიტომაც აღარ მინდა ტბაზე მუშაობა"- უთხრა 12 წლის ბიჭმა CNN-ს. 

თევზის შეგროვება ისეთ ადგილებში, სადაც წყალქვეშ ხის ტოტებია უკიდურესად სახიფათოა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ საქმისთვის ბავშვებს იყენებენ. პატარა კიდურები უადვილებს მათ ბადეში გაბმული თევზის მოხსნას. ცხადია არის სხვა მიზეზებიც, ისინი ნაკლებ ადგილს იკავებენ ნავებზე და ბატონებისთვის მათზე ფიზიკური დომინირება უფრო მარტივია. ეს ასევე ნიშნავს, რომ ბავშვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბატონებს, რომლებიც შესრულებულ სამუშაოში მათ არასდროს უხდიან.

ვოლტას ტბა 1965 წელს შეიქმნა, როცა განამ ააშენა ჰიდრო-ელექტრული კაშხალი, მსოფლიო ბანკის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დაფინანსებით. კაშხალი ელექტროენერგიას აწვდის განას, ასევე განას მთავრობა ყიდის ელექტროენერგიას მეზობელ ქვეყნებს. 

ვოლტას ტბა ადამიანიერ მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ფართობის მქონე ტბაა. დატბორილი ტერიტორიის უმეტესობაზე წარსულში ტყე იყო. ამის გამო, ტბის ფსკერზე ხეები გხვდვება, რაც ბადით თევზაობას სახიფათოს ხდის.

"ჩვენ გავაანალიზეთ, რომ როცა ჩვენ ამ ბავშვებს გადავარჩენთ და ოჯახებს ვუბრუნებთ, მშობლები მათზე არ ზრუნავენ, არამედ ისევ ყიდიან." - ამბობს ორგანიზაცია PACODEP-ის წარმომადგენელი. PACODEP-ი განაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც დამონებული ბავშვების გადარჩენას ცდილობს. 

PACODEP-ის დამფუძნებელი ჯორჯ აჩიბრა რამდენიმე დღის წინ შეხვდა ერთ-ერთ ბავშვს და მის "ბატონს", სამუელს. 

"როგორც წესი, მე ვესტუმრები ოჯახებს, ვუთანხმდები პირობებზე მამას ან დედას და შემდეგ მიმყავს ბავშვების სამუშაოდ. თუ რომელიმე ბავშვის სამუშაოს შესრულებისას კვდება, მე ვნახულობ მშობლებს და ვესაუბრები მათ."- უთხრა ადამიანით მოვაჭრე მეთევზემ აჩიბრას. 

აშშ-ს საელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ვოლტას ტბაზე მომუშავე ბავშვების ნახევარი სხვა საზოგადოებებში დაიბადა, ბევრ მათგანს იძულებით ამუშავებენ, მათ არ აქვთ სკოლაში სიარულის უფლება, სათანადო საცხოვრებელი და ტანსაცმელი და მათ აკონტროლებენ მეთევზეები, რომლებიც ამცირებენ მათ, ძალადობენ და უზღუდავენ საკვებზე წვდომას. 

რამდენიმე დღის წინ, აჩიბრამ მეთევზე სამუელს სახლში ირიგაციის სისტემის განვითარება შესთავაზა, რათა ის ფერმერობაზე კონცენტრირდეს და არა თევზაობაზე. 

"მგონი ეს საუკეთესო გზაა. რადგან, თუ მას ბავშვების გამოსყიდვის სანაცვლოდ ფულს ან ბადეს მივცემთ, ეს მას წაახალისებს, რომ უფრო მეტი ბავშვი აიყვანოს. მაგრამ თუ ის მიწაზე იმუშავებს, შესაძლოა ბავშვების ყიდვას თავი დაანებოს."- ამბობს ის. 

20 000 ბავშვიდან იგი ამჟამად 78-ს ეხმარება. "ეს ოკეანეში წვეთია, მაგრამ იმ 78 ბავშვისთვის ეს ყველაფერია."- ამბობს ის. 

კომენტარები