აშშ-ის ელჩი გაეროში

ტრამპმა გაერო-ში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა

Global News

დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ს ელჩად კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ კრაფტმა კანადაში ელჩობას თავი შესანიშნავად გაართვა. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის პოსტზე. მან შესანიშნავად იმუშავა თავის ამჟამინდელ თანამდებობაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენ ქვეყანას გაერო-ში უმაღლეს დონეზე წარადგენს"- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიერ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ნიკი ჰეილის შემცვლელად შერჩეულმა ჰეზერ ნაუერმა პოსტზე უარი თქვა. ნაუერმა კანდიდატურა "ოჯახის ინტერესების" გამო მოხსნა.

ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე თითქმის ორი წელი გაატარა და თანამდებობის დატოვების შესახებ ოქტომბერში განაცხადა. მას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ჰეილი პოსტზე ახალი ელჩის დამტკიცებამდე დარჩება. ახალი ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტი აყენებს და ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

 

კომენტარები