ხუხაშვილი TBC-ზე: ბაბილონის გოდოლში ვცხოვრობთ, რომლის ნგრევაც დაწყებულია

ტაბულა

"ბაბილონის გოდოლში ვცხოვრობთ, რომლის ნგრევის პროცესიცაა დაწყებული" - ასე ეხმაურება პოლიტიკის მეცნიერი გია ხუხაშვილი TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

ხუხაშვილი TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, დატოვოს ბანკი, ლოგიკურს უწოდებს. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, ხაზარაძემ ბანკი გადააზღვია, რადგან მან საკუთარი საქმე გამიჯნა ბანკისგან და ამით ბანკს რეპუტაციული ზიანი აარიდა. 

"პროცესი საკმაოდ მძიმეა. საერთოდ, მე უკვე არ შემოვიფარგლებოდი ამ კითხვით, თუ რა ხდება თიბისი ბანკის და ხაზარაძის ირგვლივ. მე ვფიქრობ, კითხვა უკვე იმდენი მიმართულებით გაჩნდა, რომ კითხვა უფრო გლობალურია - რა ხდება ქვეყანაში? იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ დარჩა არცერთი ცოცხალი ადგილი, სადაც ამ და ამდაგვარი ტიპის პრობლემები არ ჩნდება. ერთგვარ ბაბილონის გოდოლში გვიწევს ცხოვრება, რომლის ნგრევის პროცესიცაა დაწყებული და, რა თქმა უნდა, ეს გოდოლი მაინც დაინგრევა, მაგრამ ჩვენი მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ის, რომ მინიმალური ზარალი გამოვიდეს აქედან და სახელმწიფო გადავარჩინოთ,"- ამბობს ხუხაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

კითხვაზე, თუ რა ამოძრავებთ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მოქმედ ძალებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ პასუხი ფულსა და ძალაუფლებაში უნდა ვეძებოთ. 

"პერსონალიებს რომ თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ ინტერეს ჯგუფებზე. ინტერეს-ჯგუფებს რა ამოძრავებთ საერთოდ? მათ ამოძრავებთ ფული, ბევრი ფული და ბევრი ძალაუფლება. ეს არის მამოძრავებელი ძალა, ვინც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ანტიკური ხანიდან ასე ყოფილა და ასეა დღესაც. სხვა საკითხია, რომ ეს ხდება 21-ე საუკუნეში, სადაც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები და ჩვენთან, როგორც ჩანს, ეს მექანიზმები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ეს არის პრობლემა,"- ამბობს გია ხუხაშვილი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან, TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავისი პოსტები დაეტოვებინათ, ერთ კვირაში ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სებ-ის მიერ TBC ბანკის მენეჯმენტის გადაყენების მოთხოვნას წინ უძღოდა 9 იანვარს ბანკში პროკურატურის შესვლა, რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს იძიებდა. 

კომენტარები