თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის საპილოტე მოდელი, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, პირველი ადგილი, სადაც საათობრივი პარკინგის საპილოტე მოდელი ამუშავდება კოტე აფხაზის ქუჩაა.
„ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა“, –თქვა დედაქალაქის მერმა.
ახალი წესების თანახმად, პარკირების ფასი საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. დედაქალაქის მერის თქმით, პარკირების საფასური არ შეეხება სახლთან დაპარკინგებულ მანქანებს, ასევე ელექტროძრავიან ავტომანქანებს, შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. ყველა მანქანას ექნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირება.
კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.





