ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა: ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია

ქალთა მოძრაობის განცხადებით, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია. ასე ეხმაურებიან ქალთა უფლებადამცველები საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "სასულიერო პირები თუ ჩაერთვებიან ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, ეს იქნება ძალიან კარგი და, რა თქმა უნდა, ეს საერთო აზრია".

უფლებადამცველების თქმით, სასულიერო პირები პროკურატურას და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას არაკომპეტენტურად მიიჩნევენ. ამის დასტურად მათ მამა გიორგი ფირცხელანის განცხადება მოჰყავთ, სადაც ის ამბობს, რომ "აუცილებელია, საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცველები გაერკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა – ძალადობა.უნდა გაიმიჯნოს, რათა არ მოხდეს მათი აღრევა".

​"როგორც ჩანს, სამღვდელოებას მიაჩნია, რომ თავად უფრო ესმის - რა არის დანაშაული და რა არა და აპირებს ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში", - აღნიშნავენ ისინი.

ისინი მიუთითებენ სასულიერო პირების იმ განცხადებაზეც, სადაც ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულების ციხიდან გამოშვებას მოითხოვენ.

ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მხრიდან აღნიშნული განცხადებები შემაშფოთებელია შემდეგი მიზეზების გამო:

  • მართლმსაჯულების განხორციელებაში სასულიერო პირების ჩარევა დაუშვებელია; დანაშაულის გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ იქნება სასულიერო პირების შეხედულებებზე დამოკიდებული;
  • ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რადგან ოჯახური დანაშაულის დროს მორიგება დამნაშავისათვის იწვევს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, მსხვერპლისთვის კი რისკის ზრდას;
  • შემაშფოთებელია ზოგადად საპატრიარქოს დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ, როდესაც ისინი მუდმივად იცავენ მოძალადე კაცებს, ქალებს კი მოუწოდებენ მოთმინებისკენ და ოჯახის შენარჩუნებისკენ ნებისმიერ ფასად;

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პარლამენტს:

  • შეწყვიტოს კულუარული მოლაპარაკებები სამებაში და გადაიტანოს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში და ამით გახადოს დისკუსია საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის და თავად ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისათვის;
  • გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის შემთხვევებში კანონით განსაზღვრული შუამავლობა და მორიგება აკრძალულია.

გუშინ, 14 თებერვალს მამა გიორგი ფირცხელანმა kvira.ge-ს პრესკლუბში თქვა, რომ ეკლესია ოჯახში კონფლიქტის შემთხვევაში მედიატორი უნდა იყოს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამებაში შედგა შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მსჯელობდნენ როგორ უნდა შემცირდეს ძალადობა.

"ძალადობის აღკვეთას თავისი გზები აქვს, როგორც პირდაპირი, ისევე არაპირდაპირი. პირდაპირი გზა არის მოძალადის იზოლაცია, მაგრამ არაპირდაპირი გზა არის უფრო მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ მსჯელობთ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, თუ რის გამო წარმოიშვა ძალადობა. ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვა პრობლემა - წარმოდგენილი იყო ოჯახი, რომელიც ფაქტიურად დანგრეულია. სამი წვრილი შვილით გოგონას, როგორც ხდება ხოლმე ყველა ოჯახში, კონფლიქტი წარმოიშვა მეუღლესთან. მოვიდა პატრული მეზობლის მიერ გამოძახებული და ეს ბიჭი აღმოჩნდა ციხეში რამდენიმე წლით. ისინი აღმოჩნდნენ უკიდურეს გაჭირვებაში. თვითონ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის მიერ, რომელიც კრებს ინფორმაციას აღსარებების დროს მოსახლეობიდან, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მოძღვარს ასეთი შემთხვევები დაუგროვდა.

მე პირადად ჩემს მრევლში 4 შემთხვევა მაქვს ისეთი, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან ხისტი დამოკიდებულების შედეგად, ინგრევა ოჯახები ან უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვარდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ძალადობის პრობლემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის რეგულაციები შეიცავს საგანგაშო ხარვეზებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და კიდევ ხელოვნურად შეიქმნას რაღაც მიზეზები ოჯახების ნგრევისა, იქნება ძალიან ცუდი", - თქვა ფირცხელანმა და დასძინა, რომ ასეთი შემთხვევები ეკლესიისთვის უნდა გახდეს ცნობილი და ის გაუწევს მედიაციას მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა ასეთი შემთხვევები აღმოიფხვრას.

​ასევე, მან მოითხოვა ციხიდან გამოუშვან ადამიანები, "რომელთა ოჯახის წევრები უკიდურესად დაზარალდნენ".

"ზოგადად, აუცილებელია, რომ პირველ რიგში გაერკვეს საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცავები, მათ შორის პატრული ძალიან კარგად უნდა გაერკვეს იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა. ეს უნდა გაიმიჯნოს, გაევლოს საზღვარი, რათა არ მოხდეს აღრევა, იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებები გახლავთ. კონფლიქტის დარეგულირება სხვანაირად უნდა მოხდეს, ხოლო ძალადობის შემთხვევები რა თქმა უნდა აღკვეთილი უნდა იყოს", - ამბობს მამა გიორგი ფირცხელანი.

ამასთან, ნეტგაზეთი ბრიფინგის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს ესაუბრა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ სასულიერო პირები ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ჩაერთვებიან, ეს მართლაც კარგი იქნება.

კომენტარები