ქობულია TBC-ზე: არ მგონია, რომ ბიზნესზე ზეწოლაა, ეს პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის

ეკონომიკის მინისტრის აზრით, TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის. ქობულია ამბობს, რომ მას არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლაა. 

"აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველი უწყებები და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, პროკურატურა, დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა.

რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული ბრალდებები და ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს.

მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამიტომაც, ამაში უნდა გაერკვეს ისევ და ისევ ის ორგანოები, რომელებიც კომპეტენტურები არიან", - თქვა გიორგი ქობულიამ. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები