კალაძე: ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა

თბილისის მერია

"ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით." - თბილისის მერი კახა კალაძე სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელის განცხადებას პასუხობს. გიორგი ზაქაიძემ რამდენიმე დღის წინ მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მერია ხელების გადაგრეხით არის დაკავებული და პირობები, რომლებსაც დედაქალაქის მერია სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სთავაზობს მისთვის მიუღებელია. 

"ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა, პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში - ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმითვე, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გიგი უგულავას მიერ არის გაცემული და მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას ეს მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელს მშენებლობის მოქმედი ნებართვა აქვს

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები