პრემიერი ია კერზაიას საქმეზე: მოხდა ადამიანური ტრაგედია, პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას "ადამიანურ ტრაგედიას" უწოდებს. მან Facebook Live-ს დროს დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ "ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია არის მიუღებელი და მე ვიტყოდი, ამორალურიც".

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, სამი დღის წინ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ "ეს არის განათლების სამინისტროში დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობა". ის პროკურატურას მოუწოდებს, "დასაჯოს ყველა მონაწილე, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სადისტურ აქტში".

სკოლის შემოწმებას საავადმყოფოში გადაყვანამდე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას უწოდებდა ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობამ განათლების მინისტრი პარლამენტშიც დაიბარა. მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძის თქმით, უწყება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან. 

"არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე,“ - ამბობს ზედგინიძე.

კომენტარები