"გახარია შენ მოკალი კერზაია" - ხაბეიშვილის აქცია-პერფორმანსი შს სამინისტროსთან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო. 

მისი თქმით, სამეგრელოში არჩევნების წინა პერიოდს შს მინისტრი გიორგი გახარია კურირებდა და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე ზეწოლაში შს სამინისტროც იყო ჩართული. ის ამბობს, რომ კერზაია გახარიას მსხვერპლია. 

"ერთი რამ მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრს და ხელისუფლებას. ან ასეთი თანხმდებოდა რათ უნდათ, ან ასეთი ხელისუფლება რათ უნდათ ან ასეთ ძალაუფლება რად უღირთ, ან დედა არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან ან მეუღლე, ან შვილი, ან ოჯახი არ ჰყავთ? ქალბატონი ია კერზაიაა არის პირდაპირი მსხვერპლი გიორგი გახარიასი. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე და სამწუხაროდ, ლაჩრულად, ეს ადამიანი უკვე მერამდენე დღეა იმალება და არანაირ განცხადებას არ აკეთებს ამ  მკვლელობასთან დაკავშირებით და მივმართავ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. თქვე კარგო ადამიანებო, თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, ძალოვან უწყებებთან. დღეს რატომ არც ერთი თქვენგანი არ აპროტესტებს იმას, რაც დატრიალდა ქალბატონ ია კერზაიას ოჯახში"- აღნიშნა მან. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

მომხდარს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების თქმით,"განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან. არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე,",- თქვა განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები