სამინისტრო დირექტორის გარდაცვალებაზე: კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

განათლების მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის თქმით, "კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის". ის ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.

"მინდა, მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, - განაცხადა ხარატიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მზად არის, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან.

"მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ კითხვებზე, რომლის გარშემოც ხდება სამწუხაროდ, პოლიტიზირება, დროულად და სათანადოდ გაეცეს პასუხი",- აღნიშნა ხარატიშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს და ამბობს, რომ "ეს არის განათლების სამინისტროში დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობა". ის პროკურატურას მოუწოდებს, "დასაჯოს ყველა მონაწილე, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სადისტურ აქტში".”

სკოლის შემოწმებას საავადმყოფოში გადაყვანამდე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას“ უწოდებდა ოპოზიციაც.

კომენტარები