სტეფ კარი

"ვმუშაობ ამ საკითხის მოსაგვარებლად" - სტეფ კარიმ 9 წლის გოგონას წერილზე უპასუხა

ftw.usatoday.com

გასულ კვირას, 9 წლის რაილი მორისონმა, NBA-ს ვარსკვლავს, Golden State Warriors-ის კალათბურთელს სტეფ კარის წერილი მისწერა. გოგონა მას ეკითხებოდა, თუ რატომ არის სტეფ კარის ბოტასის Curry 5's მოდელის ზომები განკუთვნილი მხოლოდ კაცებისა და ბიჭებისთვის, და არა გოგოებისთვის. რაილის მამამ გოგონას დაწერილი წერილი ინტაგრამზე დადო. 

"მე ვთხოვე მამაჩემს, რომ ჩემთვის კარის 5's მოდელის ბოტასები ეყიდა, რადგან კალათბურთზე ახალ სეზონს ვიწყებთ. მამა და მე Under Armor-ის ვებსაიტზე შევედით, მაგრამ იმედგაცრუებულები დავრჩით, როცა ვნახეთ, რომ კარის 5'ს მოდელი გოგოების სექციაში არ იყო. თუმცა, იყო ბიჭების სექციაში." - წერია რაილის წერილში. 

მორისონმა კარის უთხრა, რომ ის მისი ფანია და იმედოვნებს, რომ მისი ბოტასები უფრო ბევრ ზომაში იქნება ხელმისაწვდომი. 

"მე ვიცი, რომ შენ სპორტსმენ გოგოებს გულშემატკივრობ, რადგან 2 გოგონა გყავს და სტუმრობ კალათბურთელი გოგონების ბანაკებს. მე იმედი მაქვს, რომ შენ იმუშავებ Under Armour-თან, რადგან გოგონებსაც გვინდა, რომ კარის 5's გვეცვას." - მისწერა გოგონამ კარის, რომელიც ცნობილია ქალთა უფლებებზე საუბრით. 

გოგონას წერილი ტვიტერზე გავრცელდა, კარიმდე მიაღწია და პასუხიც მიიღო. კარიმ მადლობა გადაუხადა რაილის წერილისთვის და უთხრა, რომ მუშაობს ამ საკითხის მოსაგვარებლად. 

"მე ვითვალისწინებ შენს წუხილს და ბოლო ორი დღეა Under Armour-თან ვმუშაობ ამ საკითხის მოსაგვარებლად. მინდა დავრწმუნდე, რომ შენ შეგიძლია ამაყად ატარო ჩემი ბოტასები - ამიტომ გიგზავნი კარი 5's-ის ბოტასებს და შენ იქნები ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელსაც კარი 6-იც ექნება. და ბოლოს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის, 8 მარტს ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს დაგეგმილი და მინდა, რომ ეს დღე ჩემთან ერთად აღნიშნო!" - წერია კალათბურთელის პასუხში. 

"მე მინდა, რომ რაღაცები თანასწორი გახდეს გოგონებისთვის, რადგან გოგოებიც თამაშობენ კალათბურთს" - თქვა რაილიმ Teen Vogue-სთან ინტერვიუში. 

რაილის მამამ კარის ტვიტერზე მადლობა გადაუხადა და დაწერა - "შენ ერთი პატარა გოგო ძალიან ბედნიერი გახადე. ამაყი ვარ, რომ ჩემმა გოგომ რაღაცის შეცვლა მოახერხა."

კომენტარები