ლურჯი ზონები

ლურჯი ზონები - 5 ადგილი, სადაც ადამიანები ყველაზე ჯანმრთელები არიან და დიდხანს ცოცხლობენ

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71,4 წელია. თუმცა ეს რიცხვი რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

გამოყოფენ 5 ადგილს, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდია. ამ ადგილებს ერთ კატეგორიაში - “ლურჯი ზონები” აერთიანებენ. ეს არის ადგილები, სადაც ყველაზე ასაკოვანი და ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ.

ლურჯი ზონის ადგილებია

სარდინია (იტალია) - მთავარი ნიშანი ყოველდღიური აქტივობა და ოჯახური სიახლოვეა.

ოკინავა (იაპონია) - მჭიდრო სოციალური წრე ოკინავას მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, რომ სტრესს ადვილად გაუმკლავდნენ.

ნიკოა (კოსტა რიკა) - ჯანმრთელი საკვები და დიდი დროის გატარება გარეთ ნიკოას მაცხოვრებლებს ლურჯ ზონაში აქცევს.

ლომა ლინდა (კალიფორნია, აშშ) - აშშ-ის ერთადერთი ლურჯი ზონის მაცხოვრებლები იკვებებიან ძირითადად მცენარეებით და ყოველი შაბათი მათთვის დასვენებისა და განტვირთვის დღეა. შედეგად, ისინი საშუალოდ 10 წლით დიდხანს ცხოვრობენ მათ თანამოქალაქეებზე.

იკარია (საბერძნეთი) - ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი იკარიელები ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, გარდა ამისა, მათ ძალიან უყვართ შუადღის ძილი.

დენ ბიუტნერი, “ლურჯი ზონების” ავტორი TIME-თან ინტერვიუში ამ ადგილების უნიკალურობის სხვა მახასიათებელზეც საუბრობს. მისი თქმით, ლურჯი ზონების მცხოვრებლები ცხოვრობენ ისეთ გარემოში, რომელიც უბიძგებს მათ მოძრაობისკენ, ამაზე ფიქრის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ისინი აშენებენ ბაღებს, სეირნობენ და ამცირებენ ტექნოლოგიების გამოყენებას სახლისა და ეზოს სამუშაოსთვის.

ლურჯი ზონების მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ რუტინული ბუნებრივი მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და საერთო ჩვევა მსოფლიოს ყველაზე დიდხანს მცხოვრებ საზოგადოებებში.

თუ 100 წლის წინ მხოლოდ 10%-ს ჰქონდა მჯდომარე სამსახური, დღეს ეს რიცხვი 90%-ს აღწევს. მიუხედავად ამისა, მკვლევარები გვთავაზობენ გზებს, რომლითაც შეგვიძლია უფრო აქტიურები გავხდეთ:

პირველი, რასაც ისინი გვირჩევენ არის ის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადასაადგილებლად მაქსიმალურად შევზღუდოთ ტრანსპორტის გამოყენება. ეს შეგიძლიათ, თუ შვილებს წაიყვანთ სკოლაში, ველოსიპედით წახვალთ პროდუქტების საყიდლად, ან მეგობართან გაისეირნებთ - გვეუბნებიან ისინი.

American Cancer Society-ის კვლევის მიხედვით, კვირაში 6 საათი სიარული ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს. თუმცა კვირაში 2 საათი სიარულიც კი ამცირებს დაავადებების რიცხვს.

თუ დიდხანს სეირნობა არ გიყვართ, შეგიძლიათ გაანაწილოთ დრო - 5 წუთი ყოველ ერთ საათში.

მთავარი, რასაც ლურჯი ზონების მაგალითი გვასწავლის არის ის, რომ ჩვენს სხეულებს სჭირდებათ მოძრაობა და ეს შეგვიძლია სავარჯიშო დარბაზში სიარულის გარეშეც, სამსახურში შესვენების დროს 15 წუთიანი გასეირნებით.

კომენტარები