რუსეთ-უკრაინა

ვოლსკი უკრაინის შესახებ რეზოლუციაზე: ევროპული საქართველო ამ თემით სპეკულირებს

გია ვოლსკი
ტაბულა

"ევროპული საქართველო როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს" - უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტს ეხმაურება, რეზოლუცია უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს.

"ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ უკრაინას ეხება. ეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და პირდაპირ ეხება საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიციაც, რომელიც სრულად ეთანხმება საერთაშორისო დამოკიდებულებას. საქართველოს შეუძლია კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი იმას, რომ სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. რაც შეეხება, ევროპული საქართველოს მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას, მე არ ვიცი რამდენად მოესწრება ახლა ამის გაკეთება. ევროპული საქართველო როგორც ყოველთვის, ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. ისე, რასაკვირველია სერიოზული მსჯელობაა საჭირო. საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა რეგიონში შექმნილი. გამოხატული იქნება თუ არა ეს რეზოლუციით, ამას მე მხოლოდ ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ პოზიცია რასაკვირველია იგივეა, რაც მთელ მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით. საფრთხე ჩვენთვის საგანგებო და მნიშვნელოვანია." - ამბობს ვოლსკი.

რაზოლუციის შესახებ დღეს ევროპული საქართველოს წერმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა. კანდელაკის თქმით, ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შემდეგ კი პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია რუსეთის ქმედებების შესაფასებლად. მისივე თქმით, დასავლეთი რუსეთს ამ ქმედების გამო, დიდი ალბათობით სანქციებს დაუწესებს და მნიშვნელოვანია, სანქციებში საქართველოც ფიგურირებდეს. 

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის პარლამენტი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

კომენტარები