არჩევების მეორე ტური

გახარია: არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ, უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. გახარიას თქმით, შსს აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. გახარიამ არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა. 

"ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერს ასე ვთქვათ მივაკრათ პოლიტიკური ნიშანი, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ. მე პასუხისმგებლობას ვიღებ წყნარ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების მთელი ქვეყნის მასშტაბის, ეს ერთი, მეორე - მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ სამეგრელოში. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ რა თქმა უნდა უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი, ეს არის რეგიონი ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან და მშვიდ და წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარებას ზუგდიდში და სამეგრელოში აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. არც ერთ შეხვედრაზე, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ჩვენი საუბრის თემა ყოფილიყოს საარჩევნო კონტექსტი, არასოდეს ასე არ ყოფილა. " - ამბობს გახარია.

გახარია ამბობს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი ნათელი მიზნები.

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ზუგდიდის, სამეგრელოს მიმდინარე პრობლემებზე და ეს საუბრები მე და ჩვენს გუნდს დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, როდესაც მოხდა გარკვეული ცვლილებები ადმინისტრაციებში. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა ადამიანების და აქ არანაირი წინასაარჩევნო კონტექსტი არ არსებობს. ხან თხილზე ვსაუბრობთ, ხან სპორტზე, ხან ჯანსაღ ცხოვრებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს სამწუხაროდ გამსჭვალულია წინასაარჩევნო კონტექსტით, რაც რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები," - თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები