მოვიდეს, არ არის პრობლემა - იმედი ზაზა ოქუაშვილს ეთერში იწვევს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედი LIVE"-ს წამყვანმა, თეონა გეგელიამ, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმედის ეთერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან წინასწარ შეთანხმებული ინტერვიუ უნდა გასულიყო, "ძალიან საყვარელი სასაცილო ტყუილი" უწოდა.

"მე პირადად ოქუაშვილთან კითხვები არ მაქვს, ეს არის პერსონაჟი, ამ არხის საყვარელი გმირი. მოვიდეს იმედზე, არ არის პრობლემა, მივიღებთ. არსებობს მასთან შეკითხვები და ალბათ, ბევრად უკეთ გავუტიტრავთ მეტყველებას, ვიდრე ეს გააკეთა რუსთავი 2-მა", -აღნიშნა თეონა გეგელიამ. 

რუსთავი2-ზე, გადაცემა "კვირის აქცენტებში" ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, ტელე "იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

 

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

5 სექტემბერს, პროკურატურამ სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟით.

მთავარმა პროკურატურამ 9 ოქტომბერს ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანმა გამოძიებასაც უთხრა, რომ მისი და ზაზა ოქუაშვილის საუბარი დადგმულია და მისი ჩაწერა შეთანხმებულად მიმდინარეობდა, რათა პოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანების გადავადება გაადვილებოდა. თუმცა, ყიფიანი ამბობს, რომ ისინი დამონტაჟებულია და მათ ავთენტურობას არ ადასტურებს.

10 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროკურატურაში განცხადება ზაზა ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისებას შეეხება, მეორე, სამოქალაქო სარჩელი კი ლევან ყოფიანისპატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. 

კომენტარები