აქციები საფრანგეთში

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

Reuters

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელზეც დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაშავების შესახებაც. შემთხვევა სავოის რეგიონში მოხდა.

​BBC წერს, რომ მძღოლი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა და 50-მდე დემონსტრანტმა გზა გადაუკეტა, შეშინდა და დაიბნა. გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მანქანას ურტყამდნენ და მძღოლმა დაბნეულობის გამო მოძრაობა გააგრძელა. შედეგად, ერთმა ქალმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო და დაიღუპა. მძღოლი ქალი კი პოლიციამ შოკურ მდგომარეობაში მყოფი დააკავა.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც, რომლებმაც ტრავმები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე აქციებზე მიიღეს.

საფრანგეთში მიმდინარე მასობრივ აქციებზე საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებენ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 23%-ით გაიზარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი 1.51 ევროა, რაც 2000-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალია. გარდა ამისა, მაკრონის ხელისუფლებამ გაზარდა გადასახადებიც.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მასობრივ აქციებზე დემონსტრანტებს ყვითელი ჟილეტები აცვიათ და გზებს კეტავენ.

კომენტარები