რეკლამა

საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ლატარია, ანიმაციური რგოლის დამზადების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის საპრიზო ფონდი 2 500 ლარია.

გამარჯვებული რგოლის ავტორს გადაეცემა 1 500 ლარის ფულადი პრემია, მისი ნამუშევარი კი ჩაეშვება საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კამპანიაში. საპრიზო ფონდის დანარჩენი თანხა გადანაწილდება კონკურსის იმ მონაწილეებზე, რომელთა ნამუშევრებიც ათ საუკეთესო ანიმაციურ რგოლს შორის მოხვდება.

ანიმაციური ვიდეორგოლი უნდა იყოს 15-დან 17 წამამდე, უნდა ჯდებოდეს საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კონცეფციაში და პასუხობდეს კომპანიის სლოგანს #დაუჯერენიშნებს, #მოგებაშეუძლიაყველას.

საქართველოს ეროვნული ლატარია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და გაზარდოს მათში მოტივაცია.

"მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები და ამით, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. ამ ეტაპზე გამოვაცხადეთ კონკურსი ანიმაციური სარეკლამო რგოლის დამზადების მიზნით ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ ანიმაციური რგოლების დამზადებისთვის საჭირო ცოდნას. ამით გვსურს, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას გავუჩინოთ მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათ წარმატებას“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალური დირექტორი გიორგი გედევანიშვილი.

კონკურსი 15 ნოემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: [email protected] და დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

საქართველოს ეროვნული ლატარია მსურველებს წარმატებას უსურვებს.

კომენტარები