ხორავას ქუჩის საქმე

ზურაბიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: გამოძიების პრობლემა უფრო საზოგადოებაა, ვიდრე კანონი

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პრობლემა უფრო "საზოგადოებაა" და არა - კანონი. ასე უპასუხა ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, "რა უშლის ხელს იმას, რომ ხორავას ქუჩის საქმე იყოს გამოძიებული კანონის მიხედვით, აღსრულდეს სამართალი და აღარ იდგეს ქუჩაში ზაზა სარალიძე". მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია იმიტომ დატოვა, რომ პრინციპულად არასწორია, "პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის".

"მე ვესწრებოდი პირველ ეტაპს ამ გამოძიების, როცა მიდიოდა ამ ახალგაზრდების დაკითხვა და სხვათაშორის, ძალიან მძიმე სურათი იყო, აქ იმდენად კანონის პრობლემა არ ვიცი, რამდენად არის, მაგრამ მე ყველაზე უფრო მძიმედ განვიცადე საზოგადოების პრობლემა, საზოგადოება, სადაც, ტყუილი უფრო ადვილი არის, ვიდრე სიმართლის თქმა, სადაც ერთმანეთის გადაფარვა, სადაც არაღიარება იმისი, რაც უთუოდ უნდა ენახათ ამ ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს ანუ მთლიანად საზოგადოების პრობლემად უფრო მომეჩვენა, ვიდრე [კანონის]..." - თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, "სახელმწიფომ აღასრულა კანონი?", პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს, რომ "ეს არის დანაკლისი გამოძიების. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომელი კანონი არ არის აღსრულებული, მაგრამ ის, რომ დაუსრულებელია, ეს კანონი არა, სამართალი არის დაუსრულებელი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში გამოძიებები და სამართალი დაუსრულებელი არის მთელი რიგი, დაწყებული იქიდან, რაც ცხრა წლის ნაციონალური რეჟიმის მანძილზე არსებობდა და ადრეც. მე ისიც ვთქვი ჩემს გამოსვლებში, რომ სირცხვილია ქვეყნისთვის, როცა პირველი პრეზიდენტის მკვლელობა არ არის გამოძიებული, ამას მოყვება ყველაფერი დანარჩენი, რომ არ არის დასრულებული ძალიან ბევრი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური გამოძიებები და ვცხოვრობთ სწორედ ამ გაურკვევლობაში ჩვენი წარსულის შესახებ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, "ხორავას ქუჩის საქმეზე მეტ დეტალს ველოდი, რადგან საგამოძიებო კომისიის წევრი იყავით", პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს - "მიზეზი არის ზოგადი დუმილი, ის, რომ ადამიანები არ გამოდიან [და არ ლაპარაკობენ], არ მოგეწონათ ჩემი პასუხი?... დეტალებზე ჩემგან საუბარი ცოტა არასწორი იქნება, ჯერ ერთი, მე გამოვედი კომისიიდან შუა მსვლელობისას, იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნებოდა სწორი, დავრჩენილიყავი ამ კომისიაში, რადგან მერე, როგორც პრეზიდენტს, მე სხვა პასუხისმგებლობა მევალება. მე მგონია, რომ ეს პრინციპულად სწორი არ არის, პრეზიდენტი იყოს მონაწილე საგამოძიებო კომისიის".

____________________________________

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. ქართული ოცნების დეპუტატები კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ დაეთანხმნენ და ალტერნატიული დადგენილების ტექსტი დაამტკიცეს.

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, ციხეში ჩაჯდომას 1 წლით დათანხმდა და მას მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს. ხორავას ქუჩის საქმეზე ორი დღის წინაც გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, სუბელიანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა. მოწმე მენაბდე დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. ასევე ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მკვლელობის საქმის "მოგვარებაში" თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილიც მონაწილეობდა. 

კომენტარები