გირჩი

გირჩი: დღეს ზურა ჯაფარიძემ დაიცვა საკონსტიტუციო სასამართლოში მისივე მოგებული საქმე

გირჩის წევრების თქმით, მიუხედავად მომხდარისა, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი შედგა. ზურა ჯაფარიძემ კი დაიცვა საკონსტიტუციო სასამართლოში მისივე მოგებული საქმე

"მიუხედავად იმისა, რომ გარშემო იყო პოლიცია და ამით ვიღაცებს აშინებდნენ, რომ ხალხი არ მისულიყო ფესტივალზე, მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა არ შეგვატანინეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდა მოეტანათ ხელნაკეთი ნივთები და სხვა გასაყიდი პროდუქცია, არ შემოუშვეს, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი შედგა. დღეს ზურა ჯაფარიძემ დაიცვა საკონსტიტუციო სასამართლოში მისივე მოგებული საქმე, რომელმაც უთხრა ზურას, რომ მას აქვს კანაფის მოხმარების უფლება. 

ის, თუ რა გზებით უნდა მოეპოვებინა კანაფი ზურას მისი კანონიერი უფლების აღსასრულებლად, უნდა გაეწერა პარლამენტს, მას ამისთვის რამდენიმე თვე ჰქონდა. დღეს შსს-მ ჩვენი წევრების დასაპატიმრებლად გამოიყენა ის კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა გირჩის წევრმა, ჰერმან საბომ. 

გირჩის წევრებისთვის სასაცილოა შსს-ის განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით გაყვა. 

"შსს აქამდეც სხვადასხვა ილეთებს ატარებს, რომ გააპრავოს თავისი ესა თუ ის ქმედება. ვინმე, ვინც იქ იყო, დარწმუნებულია იმაში, რომ ზურა თავისი ნებით გაყვა? შემოცვივდნენ, გაიტაცეს და მიაყოლეს ჩვენი რამდენიმე მხარდამჭერი", - ამბობს საბო. 

გირჩის წევრებმა პრესკონფერენცია მას შემდეგ ჩაატარეს, რაც დედაენის ბაღში პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე, ასევე პარტიის 11 მხარდამჭერი დააკავეს. 

შსს-მ თქვა, რომ "ამ გამოძიების ფარგლებში [რომელიც ფესტივალის დაანონსებიდან მალევე დაიწყო], ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით". 

გირჩის ინფორმაციით, ახლა ჯაფარიძე პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. 

კანაფის ფესტივალი გირჩმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. 13 ოქტომბერს კი შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, ეს იყო დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები