მამუკა ჩიქოვანი

მამუკა ჩიქოვანმა პარტია ევროპული საქართველო დატოვა

დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა. პარლამენტის წევრმა ამის შესახებ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ის პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. ჩიქოვანი ამბობს, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში, ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე გააგრძელებს მუშაობას. ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ არჩევნების წინ დათმობისა და ერთობისკენ ნაბიჯების გადადმის დროა.

“ვფიქრობ რომ, ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად,” - თქვა დეპუტატმა.

ჩიქოვანის განცხადებით, ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შეეცდება.

“ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას, აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება და გამოცდა უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა დათმობების. სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, რომ სხვა უნდა წამოვიდეს დათმობაზე, არასოდეს არ ვაიძულებთ საკუთარ თავს რომ იგივე გავაკეთოთ,” - თქვა მან.

“დროა, რომ დავთმოთ, რაღაცაზე უარი ვთქვათ და გადავდგათ ნაბიჯი ერთობისაკენ, სწორედ ერთობით არის შესაძლებელი კონცენტრირება იმ მიზანზე, რასაც ჰქვია დიდი ცვლილებები, რომელიც საფუძველს დაუდებს შემდგომ ქვეყნის განვითარებას. “- დაამატა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის პარტიიდან წასვლის შემდეგ ევროპულ საქართველოს პარლამენტში 20 დეპუტატი დარჩა. 6 წევრი ჰყავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე 6 წევრი ჰყავს პატრიოტთა ალიანსს. 

კომენტარები