ალკოჰოლი

ზოიძე: ალკოჰოლის შეზღუდვაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სიყალბე

ტაბულა

პარლამენტოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ტაბულასთან საუბარში სრულ სიყალბეს უწოდებს დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ალკოჰოლით ვაჭრობას მკვეთრი შეზღუდვები უწედება. რამდენიმე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ალკოჰოლით წარმოება, მოხმარება და ვაჭრობა უნდა რეგულირებულიყო.  

"სისულელეა. არაფერი მსგავსი არ იგეგმება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე დევს ალკოჰოლთან მიმართებით საქართველოს სამოქმედო სტრატეგია, რომელიც ეხება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და მათ შორის ალკოჰოლურ ნივთიერებებს, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ეროვნულ სტარტეგიას, ეს არის და ეს. თანაც 2015 წელს მომზადებული დოკუმენტი. მეტი არაფერი არ არსებობს. 

ამ მედიასაშუალებებმა ეს შეფუთეს, როგორც იციან ხოლმე, "აბა ახლა რა დავაბრალოთ მთავრობას", რომ ხალხი აღშფოთდეს, რომ "ალკოჰოლს გვიზღუდავენ და მარიხუანას გვაწევინებენ" დაახლოებით ეგეთი თემაა, ეს არის Fake News-ი,"- ტაბულასთან ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დღის გარკვეულ საათებში უნდა აკრძალულიყო ალკოჰოლის გაყიდვა, შემცირებულიყო იმ მაღაზიების რაოდენობა, სადაც ალკოჰოლი იყიდება, დაწესებულიყო მინიმალური ფასი ამ პროდუქტზე. ამასთანავე უნდა დაფუძნებულიყო ახალი ბიუროკრატიული ერთეული, რომელიც ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებას გაუწევდა რეგულირებას. 

კომენტარები