პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ნაცვლიშვილი: პრეზიდენტების უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება მთავრობის კეთილ ნებაზე

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცლა აღარ ეყოლება.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, აღნიშნული ცლილებების მიზანია დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი,  შეიზღუდოს პრეზიდენტის უსაფრთხოება და ეს გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის კეთილ ნებაზე.

,,მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ევალება სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურს და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.

პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების, დაცულობის და სწორედ, ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური",- ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის.

"ეს ცვლილება არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების  განხორციელების პროცესში, მისი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მომავალში მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს სახელმწიფო აღარ დაიცავს. ეს ცვლილება სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში შედის. 

 

კომენტარები