ხორავას ქუჩის საქმე

N51 სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოთხოვნა გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა

N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა დირექტორის მანანა თურქაძის მოთხოვნა გადადგომის შესახებ. სკოლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ყენია იყო, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. 

"სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა N51 საჯარო სკოლის დირექტორის 3 სექტემბრის განცხადება გადადგომის თაობაზე და არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. მათ შორის, 2017 წლის 1 დეკემბერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

გარდა ამისა, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამეურვეო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაიარა უმძიმესი პერიოდი. საფრთხე და საშიშროება კვლავ რეალურია, სკოლა ყოველდღიურად ახალი რისკების წინაშე დგას. სამურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დირექტორისთვის მორალურად და ფიზიკურად უფრო მარტივი იქნებოდა თანამდებობის დატოვება. მოცემულ სიტუაციაში სამეურვეო საბჭო ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადების დასაკმაყოფილებლად. სამეურვეო საბჭო ამზადებს მიმართვას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადადგა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე. მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ გასცა რეკომენდაციები განათლების სამინისტროსთვის; ხაზგასმულია ტრაგედიაში მანდატურებისა და სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობა. ასევე დაყენებულია ინიციატივები განათლების კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს სკოლებში უსაფრთხოება და მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი დანაშაულები. 

------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

გუშინ, 5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. 

გთავაზობთ, გამოძიების პროცესში ძირითადი დარღვევებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალს მოკლედ: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

კომენტარები