ჩქაროსნული მაგისტრალი

14.7-კილომეტრიანი გზის ასაშენებლად საქართველო $343-მილიონიან სესხს იაპონიისგან იღებს

რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთას 14.7-კილომეტრიანი მონაკვეთის აშენება საქართველოს $343 მილიონი დაუჯდება. ეს ნიშნავს რომ გზის ყოველი მეტრის გასაშუალოებული ღირებულება $23 ათასი, ანუ 59 ათასი ლარია.

საქართველო პროექტს იაპონიის მთავრობის მიერ გაცემული სესხით დააფინანსებს. სასესხო ხელშეკრულებას ხელი თბილისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება.

4-5 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კანო ეწვევა, ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. 

ორზოლიანი, ორსავალნაწილიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 გვირაბსა და 14 ხიდს. 

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას. 

კომენტარები