უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის მრჩევლები NGO-ებს ხვდებიან

supremecourt.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციები გრძელდება. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები დღეს ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრები ესწრებიან.

შეხვედრის დაწყების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და მომავალი კანდიდატის მონაცემები სერიოზულად უნდა შეისწავლონ.

"კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები, მაგრამ განსაკუთრებით რეალობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, ბუნებრივია ჩვენ გვმართებს, რომ ძალიან სერიოზულად იყოს შესწავლილი პროფესიული მონაცემებიც, კეთილსინდისიერებაც და, რაც მთავარია, კანდიდატის უნარი გაუმკლავდეს იმ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემაში და რომლებიც წლებია, დაგროვდა", - თქვა მან.

ანა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შერჩევის პროცესს იწყებს არა კონკრეულ სახელებზე მსჯელობით, არამედ, პროცედურებზე და იმ მასახიათებლებზე, რომელიც კანდიდატს უნდა ჰქონდეს.

"როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობით, არამედ პროცედურაზე და კიდევ ერთხელ, იმ მახასიათებლებზე მსჯელობით და კონსენსუსის მიღწევით, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც ვეძებთ. ზოგადად, პროცესის დაგეგმვა, ყოველთვის არის სწორი აზრი. პრეზიდენტს, ჩვენ, რომ გვდომებოდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, კონსტიტუცია მას ამის შესაძლებლობას არ უზღუდავს და მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ პირდაპირ, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და დაესახელებინა კანდიდატი. ჩვენ წავედით სხვა გზით ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა და ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ კრიზისულ და უაღრესად რთულ ვითარებას, რომელიც არის მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი, და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ გვინდა შევჯერდეთ, დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ, გადავალთ სახელებსა და გვარებზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. მომავალ კვირაში კი კონსულტაციები ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები