ველური ბუნება

მარტორქებზე მონადირე ბრაკონიერები ლომებმა შეჭამეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სიბუიას ​ნაკრძალში შესული ბრაკონიერები, რომელებიც მარტორქებზე ნადირობას აპირებდნენ, ლომებმა შეჭამეს. 

The Independent წერს, რომ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კენტონის სიახლოვეს მდებარე ნაკრძალში, ლომების საცხოვრებელთან, რეინჯერებმა 2 ადამიანის ნარჩენები იპოვნეს. 

გამოძიების ცნობით, ნაკრძალში მინიმუმ სამი ადამიანი იყო შესული, რადგან ადგილზე სამი წყვილი ჩექმა იპოვეს. ასევე ნაპოვნია შაშხანა და ნაჯახი, რომელიც მარტორქის რქების მოსაჭრელად გამოიყენება.

ნაკრძალის მფლობელმა ნიკ ფოქსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ბრაკონიერები ნაკრძალში კვირა ღამით, ან ორშაბათ დილით შევიდნენ. მისი თქმით, ისინი ლომების პრაიდის სიახლოვეს იყვნენ. ლომების რიცხვი დიდი იყო ამიტომ მათ გადარჩენის მცირე შანსები ქონდათ.

ბოლო წლებში სიბუიას ნაკრძალი მარტორქებზე უკანონოდ მონადირეებს იზიდავს. ბრაკონიერები მარტორქას შავ ბაზარზე ჰყიდიან. რქაზე დიდი მოთხოვნილებაა ჩინეთსა და ვიეტნამში.

დედამიწაზე სულ 30 000-ზე ნაკლები ცოცხალი მარტორქაა დარჩენილი, რომლის 80% სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს.

კომენტარები