თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკითხი ფინანსთა მინისტრთან უკვე განიხილა. მერია შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
"მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - თქვა კახა კალაძემ.





