თბილისის მერია

თბილისში სატესტო რეჟიმში ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მერია

თბილისში ერთი თვის განმავლობაში კომპანია "ფრეგობასის" ელექტრო ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა.

პრეზენტაციას დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

"დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, "ფრეგობასი" გერმანულ კომპანია EURABUS-თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნასაც გეგმავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

მერიის ცნობითვე, ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების შემცირებას. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

კომენტარები