ETIAS

2020-დან ევროკავშირში მოგზაურობისთვის ონლაინკითხვარის, ETIAS-ის შევსება იქნება საჭირო

Reuters

25 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წევრებთან მიაღწიეს შეთანხმებას ახალი პლატფორმის ETIAS-ის შემოღებასთან დაკავშირებით. ევროპული საბჭო პროექტს დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგენს.

ETIAS-ის შევსების ვალდებულება შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვთ. პლატფორმით მომსახურება 7 ევრო ეღირება. 

ETIAS-ის მეშვეობით აპლიკანტები წინასწარ შეავსებენ ევროკავშირში მათ გამგზავრებასთან დაკავშირებულ კითხვარს.

კითხვარი არ იქნება ვრცელი და მის შევსებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. მასში თავმოყრილი იქნება კითხვები აპლიკანტის პირადი მონაცემებისა და სხვა მსგავსი ინფორმაციის შესახებ.

ETIAS-ის აპლიკაციის შევსების შემდეგ, პირები მიიღებენ პასუხს, მიეცემათ თუ არა მათ შენგენის ზონაში შესვლის უფლება.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ETIAS-ის შემოღება ევროკავშირის საზღვრების დაცულობას გაზრდის, რადგანაც ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით წევრ სახელმწიფოს ზუსტად ეცოდინებათ, თუ ვინ გეგმავს შენგენის ზონაში შესვლას. 

ვალენტინ რადევმა, ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

"ETIAS-ი საშუალებას მოგვცემს, საიმიგრაციო კონტროლი განხორციელდეს წინასწარ. ეს იქნება უკანონო მიგრაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს გაზრდის ჩვენს დაცულობას. ამავდროულად, ცვლილება გამოავლენს მიგრაციისთვის საეჭვო პირებს იქამდე, სანამ ისინი ევროკავშირის საზღვართან მოვლენ."

ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა. 

თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში, მას 96 საათის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ. 

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს. მოგზაურობის ნებართვა მოქმედი იქნება სამი წლის განმავლობაში. 

 

კომენტარები