სკრიპალების მოწამლვის

სკრიპალის საქმის შემდეგ, МИД-ი ბრიტანეთს რასპუტინის მკვლელობაში სდებს ბრალს

მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ღიად დასდო ბრალი ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები გრიგორი რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული ოფისი ავრცელებს. 

რუსი გლეხი და მკურნალი, რომელსაც ნათელმხილველობას მიაწერდნენ, 1916 წლის 17 დეკემბრის ღამით მოკლეს. მისი მკვლელობის დეტალები დღემდე უცნობია. 

მათივე ცნობით, ზახაროვამ 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი დასკვნის გამოტანა სკოტლანდ იარდის ყოფილი აგენტის რიჩარდ კლენის წიგნების წაკითხვის შემდეგ შეიძლება, რომელშიც, ზახაროვას განცხადებით, ბრიტანული დაზვერვის საარქივო დოკუმენტებია ასახული. 

ამასთან, ზახაროვას თქმით, ლონდონი მონაწილეობდა რუსეთის იმპერატორის, პავლე I-ის მკვლელობაში, ისევე, როგორც კონგოელი პოლიტიკოსის პატრისა ლუმუმბისაში. ყველა ამ მკვლელობას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სამთავრობო შეკვეთა უწოდა. ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს "გენოციდის მსოფლიო რეკორდსმენი" უწოდა. მისი შეფასებით, ბრიტანელებმა ავსტრალიის კოლონიზაციის დროს, ადგილობრივი მოსახლეობის 95% გაანადგურეს. 

გუშინ, 19 აპრილს, ზახაროვას განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გაეროს უშიშროების საბჭო და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო ერთმანეთს შეხვდა, რათა 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმეზე უკანასკნელი მიგნებები განეხილათ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს დიდ ბრიტანეთს და გუშინდელი განსაკუთრებული შეხვედრის საჭიროებას და ეთანხმება დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. 

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დამოუკიდებელი ანგარიში გასულ კვირას გამოვიდა, მასში დადასტურებულია დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარებული ​ანალიზის შედეგები, რომ ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების წინააღმდეგ მართლაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები