თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა. კალაძის თქმით, გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა, ხოლო 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები.
„დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დანარჩენებს, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შედეგები. მინდა გთხოვოთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. მხოლოდ სამგორის რაიონის გამგეობას აქვს ყველაზე დაბალი - შესრულების 58%-იანი მაჩვენებელი. გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. საპასუხისმგებლოა, იყო რაიონის გამგებელი. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკული ვართ. პირველ რიგში, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ“, - თქვა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მერიის ინფორმაციით, დავით კერესელიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი გახდა, რაც სხვა გამგეობების შედეგებს ჩამორჩებოდა.





