გაფიცვა საფრანგეთში

"შავი სამშაბათი" - საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლები 3 თვით გაიფიცნენ

Gonzalo Fuentes / reuters

საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლები 3 თვით იფიცებიან. მიზეზი - ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებაა, გადაიხედოს შრომითი უფლებები.

დღეს, როდესაც გაფიცვა დაანონსდა, საერთაშორისო მედიამ “შავი სამშაბათი” უწოდა. გაფიცვის გამო შეიზღუდება რკინიგზის მომსახურება და დაზარალდება 4.5 მილიონი მგზავრი, რომელიც საფრანგეთში მატარებლით სარგებლობს, რადგანაც რკინიგზის თანამშრომელთა თითქმის ნახევარი და მატარებლის მძღოლების 75% გაფიცულია.

ხუთი რეგიონალური და სწრაფმავალი მატარებლიდან მხოლოდ თითო-თითო ფუნქციონირებს. პრობლემა შეექმნა საერთაშორისო სამოგზაურო მატარებლების ხაზებსაც, რადგანაც საფრანგეთის, შვეიცარიის, იტალიისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მატარებლები არ ფუნქციონირებდა. ბელგიის, ნიდერლანდებისა და გერმანიის მატარებლები ჩვეული განრიგით მუშაობენ. ასევე ფუნქციონირებს ოთხიდან სამი “Eurostar”-ის მატარებელი, რომელიც საფრანგეთსა და ლონდონს აკავშირებს.

რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ 28 ივნისამდე, ისინი ყოველი 5 დღიდან 2 დღე არ იმუშავებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხელისუფლებამ წამოიწყო ცვლილებები, იმისთვის, რომ შრომითი უფლებების კანონი აღარ იყოს ისეთი ხისტი, როგორიც აქამდე იყო. რეფორმა მიზნად ისახავს, დამსაქმებლების მიერ კადრების აყვანა ან პირიქით - გათავისუფლება, უფრო მარტივად მოხდეს.

ცვლილებამდე, რკინიგზის თანამშრობლები სამუშაო პირობებით კმაყოფილები იყვნენ, რაც ანაზღაურების ყოველწლიურ ზრდას, ადრეულ საპენსიო ასაკს, 28-დღიან ანაზღაურებად შვებულებასა და სამუშაოდან გათავისუფლების დაზღვევას ითვალისწინებდა. რკინიგზის თანამშრომლების ნათესავებს მატარებლის უფასო ბილეთებიც ჰქონდათ.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის ედუარდ ფილიპის თქმით, მათი გადაწყვეტილება ამბიციური, დაბალანსებული და სამართლიანია, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ყველა კმაყოფილი არ დარჩებოდა.

კომენტარები