სახალხო დამცველმა 2017 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროებაც გამოავლინა. თუმცა, ომბუდსმენის აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის: უარყოფითი გენდერული სტერეოტიპებით, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკით და ინფორმაციის ნაკლებობით.
"სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სათანადო რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ ე.ს.-ს სექსუალური შევიწროების ფაქტის განხილვის პროცესმა გამოავლინა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების სირთულე", - ნათქვამია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში.
ომბუდსმენი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობას.
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ საუბრისას სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ორსული ქალების დისკრიმინაციას დამსაქმებლების მხრიდან.
"დამსაქმებლები, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ",- ამბობს ომბუდსმენი.





