კორუფცია

სავარაუდო კორუფციის ფაქტები ზურაბ ალავიძის უწყებაში

Reuters

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები წელს 1.8 მილიარდი ლარია, ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიდანი უწყებაა. სამინისტროს კუთვნილი სსიპ-ების საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტები იკვეთება. 

სავარაუდო სქემა, რომლითაც სამინისტროს მიერ კონკრეტულ კომპანიებზე ტენდერების განაწილება და მათი შესრულება ხდება გამოიყურება ასე: 1) მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს. 2) იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ სამინისტროში გადადიან.

ევროპულმა საქართველომ დღეს ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე და მის უკან არსებულ სავარაუდო კორუფციულ ინტერესებზე გაავრცელა ინფორმაცია. საუბარია 2018 წლის პირველ იანვარს, საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, პაატა აბუთიძის დანიშვნაზე. აბუთიძე 2018 წლამდე ოპერაციების მენეჯერად მუშაობდა კომპანია "ინსტიტუტი იგჰ"-ში, რომელმაც 56 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ქონებრვივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წელს ამ პოზიციაზე 161,347 ლარი გამოიმუშავა. ახლა კი აბუთიძე მუშაობს შედარებით დაბალანაზღაურებად თანამდებობაზე და მას ყოფილი დამსაქმებლის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი ევალება.

"ინსტიტუტი იგჰ"-ს დირექტორი რუსეთის მოქალაქე რობერტ პეტროსიანია, მისი მფლობელი კი ხორვატული ბიზნესჯგუფია. "ინსტიტუტი იგჰ"-ს მიერ მოგებული ტენდერების ნუსხა ასე გამოიყირება:

  1. 4,688,848 ლარი - გაფორმების თარიღი - 09.12.2016. ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი.
  2. 40,590,000 ლარი - გაფორმების თარიღი - 19.12.2016. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე) შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი.
  3. 5,884,188 ლარი - გაფორმების თარიღი - 16.12.2016. თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა–ბაწარა–ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა–რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი.
  4. 3,743,761 ლარი - გაფორმების თარიღი - 26.01.2017. ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი.
  5. 3,997,089 ლარი - გაფორმების თარიღი - 26.01.2017. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი – აბასთუმანის მონაკვეთის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი.

"ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კომპანია, რომლის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელი დღეს დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, ჯერ დააპროექტებს სამუშაობს და შემდეგ შეამოწმებს მათ ხარისხს. დღეს არსებული რეალობიდან განმომდინარე შემოწმება ან ფორმალური იქნება ან კი საერთოდ ქაღალდზე ჩატარდება. კორუფციულ გარიგებაზე ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულია მომსახურეობის ძალიან მაღალი 5,5% პროცენტი, საქართველოში მომუშავე მსგავსი კომპანიების მომსახურეობა ყოველთვის შეადგენდა 1,3%-1,5% პროცენტს", - ამბობს გივი თარგამაძე.

გივი თარგამაძის თქმით, სამინისტროში წარმოშობილი კორუფციული სქემისთვის ხელისშეშლა შეეძლო დამოუკიდებელ კომპანია "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციას", რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით გზის ხარისხს ამოწმებს. თუმცა, ერთი კვირის წინ ამ კომპანიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი შევიდა. ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, რომ ამ გზით სუს-ი კომპანიის გაჩუმებას და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პირი, ვინც სამინისტროში პაატა აბუთიძემ ჩაანაცვლა მისი ბიზნესპარტნიორია. 2018 წლამდე საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გივი ჩოჩია იყო, ის სამუშაოდ გადავიდა თურქულ კომპანია POLAT YOL & MAPA-ში, რომელმაც ბათუმის შემოვლითი გზის 329-მილიონიანი ტენდერი მოიგო.

ჩოჩია და აბუთიძე წილებს ფლობენ შემდეგ კომპანიებში: "იორი გრუპი" და "თევანი". "თევანის" წილი ჩოჩიამ პაატა აბუთიძის სასარგებლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ დათმო.

ფაქტები, როდესაც სამინისტროს მაღალჩინოსნები გადადიან იმ კომპანიებში, რომელთა სატენდერო განაცხადების განხილვაშიც თავად მონაწილეობდნენ

საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა სიმონია გადავიდა ჩინურ კომპანია "Sinohydro"-ში, რომელიც 253 მილიონ ლარად ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სიმონია იმ სატენდერო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც სინოჰიდროს დაფინანსება მისცა. 

საგზაო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანი სამუშაოდ გადავიდა კომპანია "დოჰვა ინჟინერინგში", რომელიც საგზაო სამუშაოების შესრულებას უწევს მონიტორინგს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ხერგიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც აღნიშნულ კომპანიას ტენდერები მოაგებინა.

კომენტარები