პარლამენტმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

პარლამენტი

106 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამით პარლამენტმა უმრავლესობის და უმცირესობის ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ევროპული საქართველოს რეზოლუცია, გარდა ამ ფაქტორებისა, დამატებით ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია "მაგნიტსკის სიის" მსგავსი იქნება. მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

კომენტარები