დღევანდელ სესიაზე ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციებს კენჭს არ უყრიან

parliament.ge

პარლამენტის დღევანდელ სესიაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტებს კენჭს არ უყრიან. უმრავლესობის წევრის სოფო ქაცარავას თქმით, უმრავლესობის მიზანი ერთიანი რეზოლუციის მიღებაა და ამ თემაზე ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს. 

“ჩვენი მიზანია, ერთიანი, მტკიცე და პრინციპული რეზოლუცია მივიღოთ. კონსულტაციებიც სწორედ ამას ემსახურება. მთავარი ამოცანაა, შეჯერებული და პრინციპული რეზოლუციის მიღება." - ამბობს ქაცარავა. 

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში ორი რეზოლუცია არის დარეგისტრირებული, მათ შორის ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერ.

ევროპული საქართველო მზადაა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობასთან შეთანხმებით საერთო რეზოლუცია მიიღოს. 

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა დამატებით ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

კომენტარები