ევროპული საქართველო: მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდა ზუგდიდშიც განიხილება

ზუგდიდის საკრებულო

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, დღეს მერიის მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების გაზრდის საკითხი ზუგდიდის საკრებულოშიც განიხილება. 

პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. თუმცა დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ ფონზე პენსიის მატება, სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაზრდა, სტიქიებისგან და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ვერ ხერხდება, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაქმებული ნათესავების ხელფასები არ უნდა გაიზარდოს. 

"ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს, გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას მეუღლეს, ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას, ხელფასი დღეს არ უნდა გაეზარდოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ლაშა ჯაიას და მის მეუღლეს ნათია ქირიას, რომელიც საკრებულოში მუშაობს.

ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თოლორაიას დას, ქალბატონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც ააიპ სამსახურის უფროსია. ზუგდიდის საკრებულოში, მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც კვალიფიკაციით გამოირჩევიან. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქართული ოცნების პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის გუბერნატორის ნათესავები. ამ ადამიანებს ქართული ოცნება იყენებს არა იმისთვის, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამინების დაუპირისპირდნენ ხალხს, როგორც ეს გააკეთეს ზუგდიდში, როგორც ამას აკეთებდნენ ბორჯომში, როგორც ეს გააკეთეს გურჯაანში, სადაც ადამიანები წიწილიან კვერცხებს ისროდნენ", - ამბობს ნადირაშვილი. 

მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების საგანი ბორჯომში 28 თებერვალს გახდა. საკრებულოს ქართული ოცნების წევრები მერის და მერიის თანამშრომლების ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდას ითხოვდნენ.

ბორჯომის საკრებულო ოპოზიციურია, თუმცა, ბორჯომის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 30 საკითხი განიხილეს, მათგან 29 დაამტკიცეს, ერთი კი უარყვეს. "ჩაგდებული" საკითხი სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ხელფასების გაზრდას გულისხმობდა. 

დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. პიკეტირების მონაწილეებმა ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის კარიც. ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც. 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა იმის გამო, რომ მერს, მის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს ხელფასების რამდენიმე ასეულით ზრდაზე უთხრეს უარი. საკრებულოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლების ხელფასების მხოლოდ მცირედით ზრდას თანხმდებიან.

კომენტარები