არჩილ ტატუნაშვილის საქმე

აპატურაი ცხინვალს: დაკავებულები დაუყოვნებლივ გაუშვით ოკუპირებული ტერიტორიიდან

ტაბულა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

აპატურაი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე და ოკუპირებულ რეგიონის მარიონეტულ ხელისუფლებას მოუწოდებს, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ პირებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცენ. 

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებითა და კიდევ ორი მოქალაქის დაკავებით. ვიზიარებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების ტკივილს. დაკავებული ორ ქართველს კი დაუყონებლივ უნდა მიეცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება,"- წერს აპატურაი. 

დღეს ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები