ნადირაშვილი: რითი დასტურდება მაჩალიკაშვილის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან?

ტაბულა

ევროპულ საქართველოს პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს თქვა, რომ პარტია წინასწარი დასკვნების გაკეთებას არ გეგმავს, თუმცა მკაფიო დეტალების ცოდნა აუცილებელია. მათ შორის: რით დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ახმედ ჩატაევის ჯგუფთან, ასევე მისი კავშირი სირიასთან. ევროპულ საქართველოს კითხვები აქვს სამართალდამცველების მხრიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებების გამოყენებასთან დაკავშირებითაც. 

"რით დასტურდება ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან, თუნდაც სირიაში მისი კავშირები. ამ საქმის თაობაზე ჩვენ ვთხოვთ შესაბამისს სტრუქტურებს, გასცენ ძალიან მკაფიო პასუხები. 

მეორე კითხვა გვაქვს სამართალდამცველებთან: ჩვენ ვნახეთ, რომ გამოყენებული იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ძალა. სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მეტი დეტალი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რაც უფრო დამალავს დეტალებს, კითხვები გაღრმავდება. კადრებში ვიხილეთ, რომ ბალიშზე იყო სისხლი, ოჯახის წევრი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდას ეძინა და ამ ვითარებაში მოხდა გასროლა. ეს დეტალები აუცილებლად საჭიროებს დამატებით განმარტებებს სამართალდამცავების მხრიდან და ჩვენ ამ განმარტებებს ველოდებით", - თქვა ნადირაშვილმა. 

გუშინ გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ისინი ამბობენ იმასაც, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება. 

კომენტარები