Bild: Zapad 2017 არა ანტიტერორისტული, არამედ NATO-ს წინააღმდეგ მიმართული სწავლება იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ სამხედრო წვრთნები Zapad 2017(დასავლეთი 2017), რომელიც რუსეთმა და ბელორუსმა 14 სექტემბერს დაიწყეს, NATO-ს წინააღმდეგ იყო მიმართული. ის არც ანტიტერორისტული და არც წმინდად თავდაცვითი სწავლება ყოფილა. Bild ამას ორ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს. მათი ცნობით, Zapad 2017 ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის გამართვას ემსახურებოდა.

Bild-ის წყაროების ცნობით, რუსეთი ომის შემთხვევაში ბალტიისპირეთის სწრაფ ოკუპაციას (1 კვირის ვადაში), პოლონეთის, ნორვეგიის, გერმანიის და ჰოლანდიის დაბომბვას გეგმავდა, ასევე აპირებდა ნეიტრალური შვედეთის და ფინეთის პრევენციის მიზნით ანექსიას, რათა მათ რუსეთზე შეტევის განსახორციელებლად საკუთარი ტერიტორია ნატოსთვის არ დაეთმოთ. ამ ოპერაციებისთვის რუსეთი ბომბდამშენების - TU 39, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავდა. 

ევროპაში ომის ეს სცენარი სამხედროებმა სწორედ Zapad 2017-ის დროს გაიარეს. 

რა შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან ამ ოპერაციის ჩატარების მიზეზი: Bild რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელიც პუტინისა და რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდება. მაგალითად, ისეთი რამ, რაც საქართველოში, უკრაინასა და ბელორუსიაში მოხდა. "ჩვენ ვიცით, რომ 2008 წელს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმარებოდა, რუსეთის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდებოდნენ", - ამბობს გამოცემის წყარო. 

გამოცემა საუბრობს ისეთ ვითარებაზეც, რაც ომს არ გამოიწვევს, მაგალითად ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება. ასევე, ომის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ ვერ გახდება სამხედრო კონფრონტაცია აშშ-სა და რუსეთს შორის სირიაში.

"ისინი, უარეს შემთხვევაში, გამოიწვევენ თავიანთ სამხედროებს სირიიდან, მაგრამ ამის გამო ევროპაში ომს არ დაიწყებენ", - ამბობს წყარო. 

"ზაპად 2017" რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო სწავლება იყო მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ნახევარკუნძულს ანექსია მოახდინა. მასში ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ხომალდები და თვითმფრინავები იყო ჩართული. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, წვრთნებში 12 700 სამხედრო მონაწილეობდა, თუმცა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ფიქრობდნენ, რომ ჯარისკაცების რიცხვი გაცილებით მეტი იყო. 

კომენტარები