მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მარშებს დროებით აღარ ჩაატარებს

Reuters

მიხეილ სააკაშვილი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" კიევში მარშების ჩატარებას დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ ტელეარხ "ზიკს" პარტიის წევრმა, ივან ლოზოვოიმ უთხრა. თუმცა, მისივე თქმით, ეს დროებითი მორატორიუმია და არ ნიშნავს, რომ მომავალში მარში არ ჩატარდება. 

აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ოქტომბრის სასახლესთან მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს. 

"ოპოზიცია - ეს დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. პოლიტიკა ოპოზიციის გარეშე -  ავტორიტარიზმი და დიქტატურაა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით სრული მორატირიუმი იმოქმედებს შემდგომ მარშებსა და მიტინგებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ მოხდა"- თქვა ლოზოვოიმ

გუშინ, 17 დეკემბერს, კიევში გამართული "იმპიჩმენტის მარშის" შემდეგ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინაში ოპოზიციური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, კიევში მდებარე "ოქტომბრის სასახლეში" შესულიყვნენ და იქ შტაბი მოეწყოთ. 

აქციის მონაწილეები სასახლეში არ შეუშვეს და მათ წინააღმდეგობა სამართალდამცველებმა გაუწიეს. უკრაინული УНИАН-ის ცნობით, შეტაკებების შედეგად 32 სამართალდამცველი დაშავდა. გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. 

ამ ინციდენტის გამო სააკაშვილი უკრაინაში აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მშვიდობიანი პროტესტის უფლების ბოროტად გამოყენება სცადა.

კომენტარები