სააკაშვილი

სააკაშვილი და მომხრეები რადასთან აქციას მართავენ, მასზე ძებნაა გამოცხადებული

facebook: Mikheil Saakashvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რადასთან აქციას მართავს მომხრეებთან ერთად. პარალელურად, მასზე ძებნაა გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილის მონაცემები უკრაინის შსს-ს ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

უკრაინის შსს-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილზე ძებნა 5 დეკემბერს გამოცხადდა. ძებნის მიზეზად სამართალდამცავებისგან დამალვა სახელდება. აღნიშნულ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საკონტაქტო ნომერსაც ავრცელებს, რომელზეც იმ მოქალაქეებმა უნდა დარეკონ, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აქვთ ინფორმაცია. 

სააკაშვილს გენერალურ პროკურატურაში ადგილობრივი დროით 6 დეკემბერს 09:00-ზე ელოდებოდნენ, თუმცა სააკაშვილი არ გამოცხადდა. გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს იზამენ სააკაშვილის დასაკავებლად.

სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გამოცხადდა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერს, კიევში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები